აფხაზები არ გამორიცხავენ, რომ გაეროს მიერ მიღებულმა რეზოლუციამ ჟენევის მოლაპარაკებები გაართულოს.
ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
რეზოლუცია საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნებას ეხება.
„ნებისმიერი საერთაშორისო პოლიტიკური დოკუმენტის მიღება მაშინაც კი, როცა ის იურიდიულად სავალდებულო არ არის, უნდა ეფუძნებოდეს ყველა დაინტერესებული მხარის ფაქტებისა და არგუმენტების ფრთხილად განხილვას“ – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ გაეროში რეზოლუციის პროექტის განხილვაზე „აფხაზური მხარის“ არ მიწვევა, დაუფიქრებელი ნაბიჯია.
შესაბამისად, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მიღებულ დოკუმენტს „არაობიექტურს უწოდებს“, რადგან მათი თქმით, მისი მიღება მხოლოდ ქართული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.
„აფხაზურ მხარეს დამაჯერებელი არგუმენტები აქვს პრობლემების რეალურად განიხილვასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული რეზოლუციის განხილვისას და კენჭისყრის დროს. მიღებულია არაობიექტური და ცალმხრივი დოკუმენტი, რომელიც ატარებს არაჰუმანიტარულ ხასიათს, არამედ მასში საქართველოს პოლიტიკური ინტერესების დაცვა შეინიშნება“ – ნათქვამია განცხადებაში.
