ვახტანგ მახარობლიშვილი და დავით დონდუა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ
 ვახტანგ მახარობლიშვილი და დავით დონდუა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ
18:25 16.11.2017
საქართველოს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სამული ვირტანენი სტუმრობს.

სამული ვირტანენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს ვახტანგ მახარობლიშვილსა და დავით დონდუას შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრის დასაწყისში სახელმწიფო მდივანს ფინეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას ამ თარიღისადმი მიძღვნილ პროექტში - „ფინეთის დროშა“.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე, თავდაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი შესრულდა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს.

მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების ეფექტიან განხორციელებაზე, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციიდან და უვიზო რეჟიმიდანმიღებულ სარგებელზე. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მიმდინარე სამზადისს და ქართული მხარის მოლოდინებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების აქტუალური საკითხები და საქართველოშიგანხორცილებული რეფორმები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ფინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მიმდინარე ნაყოფიერ თანამშრომლობას და გამოითქვა მომავალში აქტიური ურთიერთმხარდაჭერის მზაობა.

სამული ვირტანენმა აღნიშნა, რომ ფინეთი, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, შემდგომშიც აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

დავით დონდუასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებას და ამ კონტექსტში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააქტიურებულ პროვოკაციულ ნაბიჯებს.

განხილულ იქნა ის ჰუმანიტარული შედეგები, რაც მოჰყვა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის აღმართვას, ასევე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გაძლიერებაზე, მათ შორის, მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვაზე და გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობების იძულებით დარიგების პრაქტიკაზე.

ამასთან, დავით დონდუამ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და ხაზი გაუსვა ნდობის აღდგენის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის სახელმწიფო მდივანმა ასევე შეხვედრები გამართა განათლებისა და მეცნიერების ახლადდანიშნულ მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან დასაგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან თედო ჯაფარიძესთან.

ვიზიტის ფარგლებში, 18 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება ფინეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი ფინელი მუსიკოსების მონაწილეობით.



ბეჭდვა