კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები დავით უსუფაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და თინათინ ხიდაშელი, რომლებიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან, მიიჩნევენ, რომ ევროპარლამენტის დღის წესრიგში შეტანილ დებატებს საქართველოს შესახებ, წინასაარჩევნოდ პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
როგორც „Facebook“-ში კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომასალაში თინათინ ხიდაშელი აღნიშნავს, ეს დებატები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებულ პრობლემებზე ყურადღება გამახვილდეს და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ამ პრობლემების გადასაჭრელად იმოქმედოს.
პეტრიაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში, ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა სტრუქტურებში არსებობს ღრმა რწმენა იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს.
ამასთან, მანვე განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება საქართველოსთვის ტესტია, რომელიც ქვეყანამ მომავალი ევროინტეგრაციისათვის აუცილებლად უნდა ჩააბაროს.
საქართველოს საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში ეგვიპტისა და სირიის საკითხებთან ერთად შევიდა.
