საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა
საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პასკალ მენიესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ა.წ. 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელ პროცესს და ამ კონტექსტში ქართული მხარის პრიორიტეტებსა და მოლოდინებს. გამოითქვა იმედი, რომ სამიტი იქნება წარმატებული და დამატებით იმპულსს შესძენს პარტნიორობას.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ბრიუსელის სამიტზე კარგი შედეგებით წარდგება.
ელჩმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი აღიარებს საქართველოს მიღწევებს რეფორმების განხორციელების კუთხით და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და სხვა მიმართულებებით.
