"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებების პროექტს ქდმ უკან გაიწვევს
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებების პროექტს ქდმ უკან გაიწვევს
12:41 27.02.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტს უკან გაიწვევს.
ქდმ მხარს იმ კანონპროექტს დაუჭერს, რომელიც არასამთავრობო სექტორმა მოამზადა და პარლამენტში შეიტანა.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან დაკავშირებით ქდმ რამდენიმე მნიშვნელოვანი წინადადებით გამოვიდა. მათი კანონპროექტის თანახმად, პარტიის და მასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსების, შემოწირულებებისა და კანონით დაშვებული სხვა ფორმებით მიღებული შემოსავლის საერთო რაოდენობა წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ისევე, როგორც პარტიის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს.
ამავე პროექტით, პარტია უფლებამოსილია სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნის ფარგლებში წლის განმავლობაში საჩუქრად გასცეს მცირე ღირებულების მქონე ნივთები, საერთო ღირებულებით არა უმეტეს 60 000 ლარისა.
გარდა ამისა, "ქრისტიან-დემოკრატების" საკანონმდებლო ინიციატივით, კონტროლის პალატას ყადაღის დადების კუთხით უფლება ეზღუდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების საკანონმდებლო ინიციატივები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე წარდგენილია. მათი მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა.

ბეჭდვა