ლევან დავითაშვილი: ეს არის ლოგიკური ცვლილება და ევროპული გამოცდილების გაზიარება
ლევან დავითაშვილი: ეს არის ლოგიკური ცვლილება და ევროპული გამოცდილების გაზიარება
15:41 13.11.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერის მიერ სამთავრობო ცვლილებების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას გულისხმობს.
დავითაშვილმა ასევე ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას ევროპულ გამოცდილებაზეც ისაუბრა.

„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება გულისხმობს უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას. უნდა მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია და ეფექტიანი გახდეს მართვა“ - განაცხადა დავითაშვილმა.
„გარემოს დაცვის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება ლოგიკური ცვლილება და ევროპული გამოცდილების გაზიარებაა. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა წარმატებით მუშაობს. ჩვენს შემთხვევაშიც, როდესაც კლიმატური ცვლილებები მნიშვნელოვნად აისახება სოფლის მეურნეობაზე, სატყეო მეურნეობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვის კონტექსტში მოხდეს სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სატყეო მენეჯმენტისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა. პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობასთან ერთად ხდება ტყის რესურსების დაცვა, ტყის მენეჯმენტი, რადგან აქ ერთიან ფიტოსანიტარულ მიდგომებზეა საუბარი, ასევე საჭიროა ერთიანი პოლიტიკა ცხოველთა დაცვის კუთხითაც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით, არსებობს არაერთი ნაკისრი ვალდებულება, რომელთა შესრულებაც, საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.



ბეჭდვა