გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
„ ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში - ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში. მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში.
ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მათგანის შესუსტებას“-განაცხადა პრემიერმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.
„ახალი გამოწვევები, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, გულისხმობს გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს, რომელიც მთელი ჩვენი საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია. თავისთავად ის, რომ ამ მიმართულებას ვიცე-პრემიერი ფარავს, მიუთითებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაციის აუცილებლობაზე.
პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.
ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა“-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
