მიხეილ სააკაშვილი - გამოცდების ცენტრის თანამშრომლები ჩემზე 3-ჯერ მეტ ხელფასს არაფრის კეთებაში იღებდნენ
მიხეილ სააკაშვილი - გამოცდების ცენტრის თანამშრომლები ჩემზე 3-ჯერ მეტ ხელფასს არაფრის კეთებაში იღებდნენ
19:09 04.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის მუშაობაში არსებულ ხარვეზებზე განცხადება გააკეთა.
როგორც მან განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის ხატია დეკანოიძის სამინისტროში წარდგენისას აღნიშნა, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც 8, 10 და 15 ათას ლარს იღებდნენ თვეში, „ცენტრს კანტორასავით - წელიწადში ერთხელ გააღებდნენ, გამოცდებს ჩააბარებინებდნენ“ და დანარჩენი 11 თვე ხელფასს იღებდნენ.
პრეზიდენტის თქმით, ისინი მასზე 3-ჯერ მეტ ხელფასს არაფრის კეთებაში იღებდნენ.
„იმიტომ, აუვარდათ თავში და იმიტომ გავიდნენ თავს, როცა ზედმეტს შვრები, ასე მოსდით ხოლმე ადამიანებს“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ცენტრი წელიწადში 12 თვე უნდა მუშაობდეს და ისე ფუნქციონირებდეს, რომ ყოველთვის ღია იყოს, რათა თითოეულმა მოქალაქემ კვალიფიკაციის ამაღლება შეძლოს.
პრეზიდენტის თქმით, ეროვნული გამოცდები ამ ხელისუფლების შემოღებული და მიღწევაა და ამდენად, მისივე თქმით, ვიდრე ამ ქვეყანაში ის იღებს გადაწყვეტილებებს, გამოცდების ჩაბარების ეს მეთოდი შენარჩუნდება.
„იმედია ხალხი ძალიან დიდხანს დაგვიჭერს მხარს. მიუხედავად იმისა, ვის რა ამბიცია, ღვარძლი და ინტრიგა გაუჩნდება, ეს სისტემა იფუნქციონერებს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ იმის გამო, რომ ეროვნული გამოცდების სისტემა მათი შექმნილია, მან მინუსები - ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეპეტიტორებთან მომზადება, დაინახა.
„ეს სოციალური უსამართლობაა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საშუალება უნდა ჰქონდეს ყველას“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფოს თითოეული ადამიანის თანაბარ პირობებში ჩაყენება სჭირდება.

ბეჭდვა