მიხეილ სააკაშვილმა ხატია დეკანოიძე თანამშრომლებს წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილმა ხატია დეკანოიძე თანამშრომლებს წარუდგინა
17:41 04.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხატია დეკანოიძეს დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ის ამერიკაში რამდენიმე წელი მუშაობდა და რაც ყველაზე მთავარია, უცხოური გამოცდილების საუკეთესო მაგალითები უნახავს.
„მან პოლიციის აკადემია ნულიდან ააწყო. პოლიციის აკადემია პოლიციური დაწესებულება არ არის. იგი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ჩვენ უნდა ავაწყოთ, გავაგრძელოთ განათლების ის რეფორმა, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და შემდეგ კახა ლომაიამ ერთიანი ეროვნული გამოცდებით გააგრძელა“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, კარგია, რომ მთავრობაში 5 ქალი მინისტრია. ეს დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა, ასე გამოვიდა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ქალებს ახალი შესაძლებლობები ეხსნებათ. მე ქალ პრემიერ-მინისტრსაც ვისურვებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვიპოვეთ. დიდხანს ვფიქრობდით ამაზე, მაგრამ მთლად ბოლომდე არ გამოგვივიდა“ - განმარტა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში დღეს დემოკრატიული სისტემაა, სადაც ყველა ერთმანეთის გვერდითაა. ამიტომ, მისივე განმარტებით, აზრთა გაცვლა-გამოცვლა უნდა გაგრძელდეს.

ბეჭდვა