კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები სხვადასხვა ოლქში მალე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელდებიან.
ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში კოალიციაში შემავალი ყველა პარტია მოხვდება - ნაწილი მაჟორიტარ დეპუტატებად, ნაწილი კი - სიის მეშვეობით.
კობახიძის თქმით, ის, რომ უკვე დასახელებულ კანდიდატებს შორის „რესპუბლიკელები“ არ არიან, კოალიციაში გაუგებრობის არსებობას არ ნიშნავს.
„კანდიდატები შეთანხმების შედეგად დასახელდნენ, ამაზე კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის სრული კონსენსუსი იყო. თუმცა, მხოლოდ მაჟორიტარებით ვერ მოვიგებთ არჩევნებს და ლიდერები შტაბშიც გვჭირდება. ასე რომ, ძალებს გადავანაწილებთ, რათა მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რაზეც შესაძლოა, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დისკუსია მიმდინარეობდეს“ - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ აღნიშნულ დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობენ „რესპუბლიკელებიც“.
მისივე თქმით, მაჟორიტარების დაკომპლექტება მალე დასრულდება და მათი ნაწილი გორის აქციაზეც დასახელდება.
„რაც შეეხება სიის პირველ ნომერს, ბიძინა ივანიშვილი მას თავად დაასახელებს. მე კი, სადაც საჭირო გახდება, მზად ვარ იქ წავიდე მაჟორიტარად. არ გამოვრიცხავ, რომ ეს რეგიონი იყოს“ - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ მალე თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებიც დასახელდებიან.
