ნიკა მელია: გოგა ონიანი რომ „ევროპულ საქართველოში“ გადასულიყო, არ დააკავებდნენ
ნიკა მელია: გოგა ონიანი რომ „ევროპულ საქართველოში“ გადასულიყო, არ დააკავებდნენ
15:16 07.11.2017
ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, ადვოკატი გიგა ონიანი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

როგორც მელია განმარტავს, ონიანი რომ ყოფილი თანაგუნდელების თანამებრძოლი ყოფილიყო, დაკავება არ მოხდებოდა.

„გოგა ონიანი დღეს არის დაკავებული იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო კვაზი ოპოზიციური პარტიის წევრი, გოგა ონიანი რომ გადასულიყო პირდაპირ გეუბნებით, დღეს „ევროპულ საქართველოში“, გოგა ონიანი დღეს დაკავებული არ იქნებოდა. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო გიგი უგულავას თანამებრძოლი, დათო კეზერაშვილის თანამებრძოლი, გიგა ბოკერიას თანამებრძოლი, რომლებიც გამოვლენ ახლა და დაიწყებენ, როგორ წუხან თურმე, ეს ადამიანი დღეს დაკავებული არ იქნებოდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა. როგორც ის აცხადებს, მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი.

„გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება - წერტილი. გოგას "კმარას" დროიდან ვიცნობ და ვიცი გაუძლებს. სოლიდარობა მას და მის ოჯახს.
მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რამე აწყობს ასეთ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ესაა - პოლიტიკური დევნა შიდაოპოზიციურ "რაზბორკაში" გადაიტანოს. ამიტომ არ აყვეთ!
პ.ს. ეს სუბიექტი ჯგუშიას მაგონებს. იყო ასეთი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში. იმდენი ქნა ბოლოში თავისიან სხვისიანათ მას უბრახუნებდა“-აცხადებს უგულავა.

ბეჭდვა