პარტია „ქართული დასის“ ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მინისტრობაზე ვერცერთი ახალი სახე ვერ დაითანხმა.
ამის შესახებ ბაღათურიამ ჟურნალისტებს პარლამენტის მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შეფასებისას განუცხადა.
„პრეზიდენტმა წარმოადგინა კორუმპირებული მთავრობა, რომლის წევრებსაც სისხლის სამართლის დანაშაული არაერთგზის აქვთ ჩადენილი. მათ შორის არიან მკვლელობაში ბრალდებულთა მფარველები, ასევე, თვითონ არიან ელიტური კორუფციის მონაწილე და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩამდენები“ – აღნიშნა ბაღათურიამ.
დეპუტატის თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სააკაშვილი მატერიალურად ხალხის ხარჯზე გამდიდრდა, თუმცა, პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით გაკოტრებულია.
„მან ვერ დაითანხმა ვერცერთი ახალი სახე, რომ სიახლის ილუზია შეექმნა, რაც ახლა ძალიან სჭირდება. კორუმპირებული შაშკინი გადაიყვანა სხვა თანამდებობაზე. ასე გადანაცვლება–გადმონაცვლებას სჯობდა სულ არაფერი გაკეთებინა. ის, რაც უკვე ვიცოდით, უფრო თვალსაჩინო გახდა - ახალი კადრები უარს ეუბნებიან მას მინისტრობაზე“ – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
დღეს, პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა 102 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
