კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები 7 ივლისიდიან შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრებს დაიწყებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ განაცხადა, კოალიციის ლიდერები მთლიანად მოიცავენ რეგიონს და შეხვედრებს გორში დაგეგმილ წინასაარჩევნო აქციასთან დაკავშირებით გამართავენ.
მისივე თქმით, კოალიცია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას, შეხვედრები იმართება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ წარმომადგენლებთან. შიდა ქართლის შემდეგ კი, აქციები სამეგრელოში, აჭარასა და კახეთში ჩატარდება.
„მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტის გარეშე საარჩევნო კამპანიის ჩატარება შეუძლებელია. ჩვენი აქციები საკმაოდ ორგანიზებულად ტარდება. ორგანიზებული აქცია იყო მცხეთა-მთიანეთშიც, იმ ფონზე, რომ იქ ბევრი ხალხი არ ცხოვრობს, საკმაოდ მასშტაბური შეკრება გამოვიდა. აქციაზე იყო თბილისიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასული მოსახლეობაც. თუმცა, ისინი ორგანიზებულად არ ჩაგვიყვანია და მისასალმებელია, რომ საკუთარი ხარჯით მოახერხეს აქციაზე დასწრება“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.
კოალიცია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო აქციის ჩატარებას გორში 15 ივლისს გეგმავს.
