ხელისუფლება ცდილობს სამთავრობო ცვლილებებით ამომრჩეველი და საერთაშორისო საზოგადოება დააბნიოს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას სურს ამით რეალური ცვლილებების სურათი შექმნას.
„სად გადაადგილდება მერაბიშვილი ახალ სამთავრობო კარუსელში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ხელისუფლება მთლიანად უნდა შეიცვალოს. ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი რესურსი, რომ ქვეყანა იმ ჩიხიდან გამოიყვანოს, რომელშიც თავად შეიყვანა“ - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ პროგრამა, რომელსაც ახალი მთავრობა საზოგადოებას სთავაზობს, გამორჩეული არაფრითაა.
მისივე თქმით, ხალხი მას სერიოზულად ვერ აღიქვამს, რადგან ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პროგრამებიდან არცერთი არ შესრულებულა.
„მათ აქვთ უამრავი პროგრამები რომლებიც შესრულებული არ არის, რატომ უნდა ენდოს ხელისუფლებას ამომრჩეველი. მიგვაჩნია, რომ რასაც უნდა დაპირდეს ხელისუფლება საზოგადოებას, ეს პოპულიზმია და ამომრჩევლის მოტყუებისკენაა მიმართული“ - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს არ არის ის პროგრამა, რომლითაც შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი მოიწონოს.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა მას შემდეგ დაასახელა, რაც აღნიშნულ სფეროზე კოალიცია „ქართული ოცნება“ ალაპარაკდა და მისმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის სფერო იყო.
„ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს შესთავაზა ხელისუფლებას, რომ ინვესტიციას ჩადებდა სოფლის მეურნებაში, რაზეც უარი მიიღო. სოფელი აბსოლუტურად მიტოვებული იყო თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხელისუფლება ტრაქტორებს და სხვა ტექნიკას საჩვენებლად ერთი სოფლიდან მეორეში დაატარებდა“ - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, სამთავრობო ცვლილებების მიუხედავად, კოალიციის გეგმები არ იცვლება და საარჩევნო კამპანია გეგმის მიხედვით გაგრძელდება.
