ლევან ვეფხვაძე - პარლამენტი ვანო მერაბიშვილის როგორც ქვეყნის მომავალი მმართველის ინტრონიზაციას ახდენს
ლევან ვეფხვაძე - პარლამენტი ვანო მერაბიშვილის როგორც ქვეყნის მომავალი მმართველის ინტრონიზაციას ახდენს
15:20 04.07.2012
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრის, ვიცე–სპიკერის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, დღეს პარლამენტი ვანო მერაბიშვილის როგორც ქვეყნის მომავალი მმართველის ინტრონიზაციას ახდენს.
„როდესაც ადრე ამ დარბაზში მიხეილ სააკაშვილს დაუსვით კითხვა, რას აპირებდა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მან კითხვა უპასუხოდ დატოვა, თუმცა, მას პასუხი დღეს გაეცა. როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი, რომელიც აღარ არის პოპულარული და მისი გამოჩენა ხალხისთვის არც თუ ისე სასიამოვნოა, 2013 წელს ის იმ ადამიანით ჩაანაცვლოს, ვინც ახლა ხდება პრემიერ-მინისტრი“ - აღნიშნა ვეფხვაძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
მისი შეფასებით, მართალია ახლა პრემიერი მხოლოდ უბრალოდ ფორმაა შინაარსის გარეშე, მაგრამ 2013 წელს ის ქვეყნის მმართველი გახდება.
„დღეს არის ისტორიული დღე, რადგან სწორედ დღეს ხდება ვანო მერაბიშვილის ინტრონიზაცია, როგორც ქვეყნის მომავალი მმართველის“ – აღნიშნა დეპუტატმა და აქვე უმრავლესობას მოუწოდა - „ჯერ გადახტით და ჰოპლა მერე დაიძახეთ“.
„ჯერ მოიგეთ არჩევნები და მერე დადექით და იტრაბახეთ იმ მიღწევებით, რასაც 4 წლის განმავლობაში აპირებთ“ – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ვეფხვაძემ.

ბეჭდვა