ვანო მერაბიშვილი - 30–იანი წლების ლიტერატურას ნაკლებად ვიცნობ
ვანო მერაბიშვილი - 30–იანი წლების ლიტერატურას ნაკლებად ვიცნობ
14:58 04.07.2012
პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, 30-იანი წლების ლიტერატურას იგი ნაკლებად იცნობს.
ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე „ქრისტიან–დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძის საპასუხოდ განაცხადა.
„30 წლების ლიტერატურას ნაკლებად ვიცნობ და ნაკლებად მაინტერესებს მისი გახსნება. მე რაც ვთქვი, იმას ვიმეორებ – ჩემთვის მთავარია საზოგადოების განწყობა და არა ციფრები“ – მიმართა ვეფხვაძეს მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, თუ ციფრების უკან რეალური განწყობა არ დგას მას მნიშვნელობა ეკარგება, შესაბამისად, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი საზოგადოების განწყობის გაგებას ხალხში გასვლით გეგმავს.
მერაბიშვილმა დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ მისთვის სტატისტიკას მნიშვნელობა არა აქვს და მთავრობა არა სტატისტიკური მონაცემებით, არამედ მათ მიმართ ხალხის აზრით შეფასდება.
ვეფხვაძემ კი აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სტატისტიკასთან მიმართებაში დამოკიდებულება მას 30-იანი წლების ტოტალიტარულ სახელმწიფოებს ახსენებს.
„ეს დაახლოებით იმის მსგავსია, რაც 30-იანი წლების ზოგიერთ ტოტალიტარულ სახელმწიფოში გავრცელებული გამოთქმა - „თუ სტატისტიკა და ციფრები ჩვენს წინააღმდეგაა, მით უარესი ამ ციფრებს და სტატისტიკას“ – განაცხადა ვეფხვაძემ.

ბეჭდვა