საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრს, ვიცე–სპიკერ ლევან ვეფხვაძეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვანო მერაბიშვილის სტატისტიკასთან მიმართებაში
დამოკიდებულება 30-იანი წლების ტოტალიტარულ სახელმწიფოებს ახსენებს.
„საოცარი რაღაც მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან, რომ ციფრები და სტატისტიკა არ უყვარს და არ აინტერესებს. ეს დაახლოებით იმის მსგავსია, რაც 30-იანი წლების ზოგიერთ ტოტალიტარულ სახელმწიფოში გავრცელებული გამოთქმა - „თუ სტატისტიკა და ციფრები ჩვენს წინააღმდეგაა, მით უარესი ამ ციფრებს და სტატისტიკას“ – განაცხადა ვეფხვაძემ.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა, მერაბიშვილი ამ მენტალიტეტით და აზროვნებით აპირებს თუ არა ქვეყნის მართვას.
„პრემიერ-მინისტრი, რომელიც მსგავს განცხადებებს აკეთებს, არამგონია, სრულად ადეკვატური იყოს იმ რეალობის, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი“ – მიაჩნია ვეფხვაძეს.
მერაბიშვილმა დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ მისთვის სტატისტიკას მნიშვნელობა არა აქვს და მთავრობა არა სტატისტიკური მონაცემებით, არამედ მათ მიმართ ხალხის დამოკიდებულებით შეფასდება.
