მერაბიშვილი მთავრობის მუშაობას სტატისტიკური მონაცემებით არ შეაფასებს
მერაბიშვილი მთავრობის მუშაობას სტატისტიკური მონაცემებით არ შეაფასებს
14:23 04.07.2012
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მისთვის სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვანი არ არის.  ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა.
„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა არის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებში, საქართველოში რამდენი პროცენტი იქნება უმუშევარი, რადგან ის, რაც ხდებოდა აქამდე მშრალი სტატისტიკაა. არასოდეს წამიკითხავს დანაშაულის სტატისტიკა და ამით არ შემიფასებია პოლიციის არც ერთი უფროსი“ – აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, შს მინისტრობის დროს ის პოლიციის მუშაობას იმის მიხედვით აფასებდა, რას ფიქრობდა ხალხი პოლიციის ან კონკრეტული დეპარტამენტის უფროსზე.
„ვიძლევი გარანტიას, რომ არცერთ მინისტრს არ შევაფასებ სტატისტიკური მონაცემებით. ჩვენი მთავრობა შეფასდება მხოლოდ იმით, თუ რამდენად მოსწონს ხალხს ის და რამდენად აკეთებს საქმეს, რამდენად მეტ სიკეთეს შეიტანენ ქვეყნის ოჯახებში“ – განაცხადა მერაბიშვილმა.
პრემიერობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ოპოზიციასთან ციფრებით პაექრობას არ აპირებს, რადგან მისთვის მთავარი მთავრობის მიმართ ხალხის განწყობა იქნება.
„მთავარია საზოგადოებრივი განწყობა და არა სტატისტიკური მონაცემები. სტატისტიკური მონაცემები ბუღალტრული ბალანსებისთვის გამოგვადგება“ – განაცხადა მერაბიშვილმა.

ბეჭდვა