საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან პარლამენტში მიმდინარე სესიაზე მთავრობის პროგრამასთან დაკავშირებით ოპოზიციის კითხვებსა და შეფასებებს, ხმაური მოჰყვა.
„ქრისტიან-დემოკრატი“ გიორგი თარგამაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიას ადგენდა და ადგენს და ამიტომაც, მის მიმართ ყველა ლოიალურობის გამოვლენას ცდილობს.
მისი თქმით, ხელისუფლება ყალბ ციფრებზე დაყრდნობით აძლევს მოსახლეობას დაპირებებს.
„პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს მართალც სჯერა, რომ სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის მხოლოდ 6%-ია დაუსაქმებელი?“ –იკითხა თარგამაძემ.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში სპეცსამსახურები პოლიტიკურ პოლიციად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან. მან მერაბიშვილს ჰკითხა - იღებს თუ არა ის ამაზე პასუხისმგებლობას.
ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრმა, „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ მერაბიშვილს მის დაქვემდებარებაში მყოფი ჩინოვნიკების სისხლის სამართლის დანაშაულები გაუხსენა.
ბაღათურიამ რამდენჯერმე დასვა კითხვა იმის შესახებ, რატომ არ ისჯებიან კრიმინალური დანაშაულის ჩამდენი ჩინოვნიკები, რაზეც მერაბიშვილს პასუხი არ გაუცია.
ბაღათურია ასევე დაინტერესდა ახალი სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის პაატა ტრაპაიძის აპარატის დაფინანსების მოცულობით.
„სიზმრების მინისტრს რომ მაგონებს დასაქმების მინისტრი, რა ჯდება რეალურად მისი აპარატი?“ – განაცხადა ბაღათურიამ.
ოპოზიციის კრიტიკას უმრავლესობის ცალკეული წევრები ადგილიდან ეხმაურებოდნენ. ამასთანავე, ისინი მერაბიშვილის მიერ გაწეულ საქმიანობას პოზიტიურად აფასებენ.
როგორც კობა ხაბაზმა განაცხადა, მერაბიშვილი ის ადამიანია, რომელიც დანაპირებს ასრულებს.
„ვინმეს გსმენიათ, რომ ვანო მერაბიშვილს რამე ეთქვა და არ შეესრულებინა? ის რასაც ამბობს ასრულებს“ – განაცხადა ხაბაზმა.
