საგარეო უწყება საქართველოს შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერებს მადლობას უხდის
საგარეო უწყება საქართველოს შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერებს მადლობას უხდის
13:37 04.07.2012
საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების დაბრუნების უფლების შესახებ.
განცხადება ამის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 3 ივლისს ქ. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე მიიღეს რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ".
„გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუცია პირველად 2008 წელს მიიღო და მას შემდეგ ყოველწლიურად ადასტურებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას“ - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლების დაცვასა და პატივისცემაზე. დოკუმენტი გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გააქტიურონ ძალისხმევა დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
„მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია ავალდებულებს გაეროს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოახსენოს გენერალურ ასამბლეას დევნილი მოსახლეობის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ“-მიიჩნევს საგარეო უწყება და იქვე აღნიშნავს, რომ გენერალური მდივნის შემდეგი მოხსენება აღნიშნულ საკითხზე 2013 წელს გამოვა.
სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას, აღნიშნული დებულება კი - განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები განაგრძობენ ჰუმანიტარული მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ბლოკირებას.
საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ 2011 წელთან შედარებით დოკუმენტის მხარდამჭერთა რიცხვი 57-დან 60 სახელმწიფომდე გაიზარდა.
„რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის თვალსაზრისით, არსებული პოზიტიური დინამიკა ადასტურებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმ ჰუმანიტარული კატასტროფის მზარდ გაცნობიერებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ძალადობრივი დემოგრაფიული ცვლილებების შედეგად შეიქმნა“-მიიჩნევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ბეჭდვა