პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის, პარლამენტის ვიცე–სპიკერის პაატა დავითაიას
შეფასებით, გაეროს რეზოლუციები მხოლოდ დოკუმენტად რჩება.
ამის შესახებ დავითაიამ „ნიუსპრესს“ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განუცხადა.
„გაეროს ჯერ კიდევ 1994 წლიდან არაერთი რეზოლუცია აქვს მიღებული, სადაც ყველაფერი დეტალურად იყო გაწერილი - დევნილების დაბრუნებით დაწყებული, მათი ქონებრივი უფლებების აღდგენით დასრულებული. თუმცა, რეალურად რეზოლუცია რჩება მხოლოდ რეზოლუციად და მასზე რეაგირებას არავინ ახდენს, მათ შორის თავად გაერო“ – აღნიშნა დავითაიამ.
ვიცე-სპიკერის შეფასებით, ქართული მხარე ამ რეზოლუციებს დიპლომატიურ წარმატებად აფასებს, თუმცა, კარგი იქნებოდა, გაეროში უფრო მკაცრად დაეყენებინათ მათი შესრულების აუცილებლობის საკითხი.
„ვფიქრობ, უფრო მკაცრად უნდა დააყენონ საკითხი, თუ როდის დაიწყება ამ რეზოლუციების აღსრულება, როდის შეასრულებს რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს, როდის დაიწყება დეოკუპაცია და დევნილების დაბრუნება“ – მიაჩნია დავითაიას.
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია მოხდეს დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება და მათი ქონებრივი უფლებების დაცვა, ასევე, გაერო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დემოგრაფიული ვითარების ძალადობრივი გზით ცვლილებას დაუშვებლად მიიჩნევს.
