უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომა გაიხსნა.
დეპუტატები სხდომაზე საქართველოს მთავრობის
ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამა - „მეტი სარგებელი ხალხს“ ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
ამ წუთებში მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი სხდომაზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის პრეზენტაციას ახდენს.
პარლამენტი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალიას კანდიდატურას განიხილავს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების ყოფილი მინისტრი დალი ხომერიკი. შემოღებულია დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტი და ამ თანამდებობაზე წარდგენილია ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე.
რაც შეეხება მთავრობის ახალ სამოქმედო პროგრამას, ის 4 წელზეა გაწერილი და მისი მთავარი პრიორიტეტები დასაქმება, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროა. პროგრამის თანახმად, მიზნების მისაღწევად 20 მლრდ ლარის დახარჯვა იგეგმება.
