გაერო-ს გენერალური ასამბლეა აღიარებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, დევნილებისა
და ლტოლვილების და მათი შთამომავლების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა.
ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ 3 ივლისს მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.
გენერალურმა ასამბლეამ განიხილა საკითხი სუამ-ის სივრცეში „გაჭიანურებული კონფლიქტები და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“. მხარეებმა ერთობლივად მოიწონეს რეზოლუცია „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთრების უფლებას პატივი უნდა სცენ და თავი შეიკავონ მათი საკუთრების შეძენისგან, ქონებრივი უფლებების დარღვევის გზით.
გაერო-ს გენერალური ასამბლეა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დემოგრაფიული ვითარების ძალადობრივი გზით ცვლილებას დაუშვებლად მიიჩნევს.
ასამბლეის სხდომამდე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოხსნება გააკეთა თემაზე - „ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობა აფხაზეთსა (საქართველო) და ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი, საქართველო)“.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ 100 000 ადამიანზე მეტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დევნილი გახდა, საკუთარ სახლებში დაბრუნდა.
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) შეფასებით, დაახლოებით 34.000 ადამიანი, რომელიც საკუთარ სახლებში დაბრუნდა, ჯერ კიდევ იძულებით გადაადგილებულ პირთა მსგავს მდგომარეობაშია და დაცვის სპეციალურ ზომებს საჭიროებს.
რეზოლუციაში მითითებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, 2012 წლის მარტში, 265 ათას 295 იძულებით გადაადგილებული პირია აღწერილი.
