პრემიერი: თითოეული ახალი არჩევნები ნამდვილად კიდევ უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიულია
პრემიერი: თითოეული ახალი არჩევნები ნამდვილად კიდევ უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიულია
13:02 27.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში და გამჭვირვალედ.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და ყველას, ვინც არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას შეუწყო ხელი.

“მინდა, ყველას მოგილოცოთ 21 ოქტომბერს ჩატარებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ვფიქრობთ, ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, გამჭვირვალედ, - ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული.
მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ჩვენს ყველა მხარდამჭერს; ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, ასევე - ადგილობრივ დამკვირვებლებს, არასამთავრობო სექტორს და მედიას, ასეთი კარგი გაშუქებისთვის.
ვფიქრობ, ყველამ დაინახა განსხვავება - თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის ნამდვილად კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული.

ამასთან, როგორც პრემიერმა დასძინა, არჩევნების პროცესში, გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა, რაც, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ჩაატარა მომავალზე, პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია და საერთოდ, ამ არჩევნების პროცესში, გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა, რაც, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
გილოცავთ ყველას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრების მიერ, საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეს იქნება ძალიან დიდი ქულა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში”-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


ბეჭდვა