ესტონეთში საქართველოს ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
 ესტონეთში საქართველოს ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
11:36 27.10.2017
ესტონეთში, ტალინში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-9 წლიური ასამბლეის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა მიმართა სიტყვით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩმა საკუთარ გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ესტონეთს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის შემდგომი განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის. ასევე ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, განსაზღვრული პრიორიტეტის შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკის წარმოსაჩენად გაწეული ძალისხმევისთვის.
თეა ახვლედიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის უდიდეს მნიშვნელობაზე, მის ძირითადად პრინციპებსა და ფასეულობებზე ისაუბრა. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებზე და ისაუბრა პარტნიორ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდისადა განმტკიცების მნიშვნელობაზე. ამასთან, აქცენტი გააკეთა სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანეს როლზე საქართველოს ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში. საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინა პერიოდში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენცია და ფორუმი 25-27 ოქტომბერს იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს არასამთავრობო წრეების და სხვადასხვა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. ღონისძიება იმართება ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, „ესტონეთისაღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ორგანიზებით.



ბეჭდვა