შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან
ციხელაშვილი საქმიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფება, სადაც საქმიანი შეხვედრები იმართება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის პრესსამსახურის იფნორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლადო ჭანტურიასთან ერთად უკვე გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეფერატის ხელმძღვანელთან მიხაელ ზიბერტთნ და ლიბერალური მოდერნის ცენტრის წარმომადგენელ რალფ ფუკსთან.
უწყების ინფორმაციითვე, სახელმწიფო მინისტრი კორბერის ფონდის ბერლინის ბიუროსაც ეწვია, სადაც იგი ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, ნორა მიულერს შეხვდა.
ასევე, ქეთევან ციხელაშვილის მონაწილეობით გერმანიის ფედერალური კანცლერის სამსახურში ორმხრივ შეხვედრა გაიმართა ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ცენტრალურ აზიასთან და სამხრეთ კავკასიასთან ორმხრივი თანამშრომლობის რეფერატის ხელმძღვანელთან ბატონ კნუტ აბრაჰამთან.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ის ჰუმანიტარული გამოწვევები მიმოიხილა, რომელთა წინაშეც უწევთ ცხოვრება ადგილობრივ მოსახლეობას. მან გერმანიის ოფიციალური წრეების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ისაუბრა ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ შერიგებისა და ჩართულობის მიზნით ხორციელდება. ხაზი გაუსვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მონაწილეობის მნიშვნელობას საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მხარდამჭერ პროექტებში.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა გერმანული მედიის წარმომადგენლებთან.
