პარლამენტი დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს
პარლამენტი დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს
09:08 04.07.2012
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს 12:00 საათზე გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია სამი საკითხი - მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის - „მეტი სარგებელი ხალხს“ ნდობის გამოცხადება, ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნასთან დაკავშირებით საბიუჯეტო ცვლილებები.

დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი ბიუჯეტიდან 950 000 ლარით დაფინანსდება. აღნიშნიული თანხა მომდევნო 6 თვეზეა გაწერილი.

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილი 30 ივნისს წარადგინა. შედეგად, მთავრობაში გარკვეული სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა.

ცვლილებების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრად თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია წარადგინეს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად ეროვნული გამოცდების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი - ხატია დეკანოიძე, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად აფხაზეთის მთავრობის განათლების ყოფილი მინისტრი დალი ხომერიკი ინიშნება.

გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთი უწყება ემატება - დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძეა წადგენილი.

რაც შეეხება მთავრობის ახალ სამოქმედო პროგრამას, იგი 4 წელზეა გაწერილი და მისი მთავარი პრიორიტეტები დასაქმება, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროა. პროგრამის თანახმად, მიზნების მისაღწევად 20 მლრდ ლარის დახარჯვა იგეგმება.

ბეჭდვა