აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სწრაფად გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი
აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სწრაფად გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი
16:38 23.10.2017
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს მთავრობასა და ხალხს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დაცვით. ვეთანხმებით ეუთოს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც დადებითად აღინიშნა, რომ კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო. აგრეთვე ვიზიარებთ ეუთოს მოსაზრებას , რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც კონკურენტების შესაძლებლობები არ შეიზღუდება. ეუთოს შეფასებაში ასევე საუბარია საჩივრებზე ამომრჩეველთა დაშინებისა დაადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთად დაკავშირებული ყველა საჩივარი.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჩვენი საერთო მიზნის განხორციელლებას და მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას და მის სწრაფვას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“-ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა