ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: მთლიანობაში, კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: მთლიანობაში, კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა
17:04 22.10.2017
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კარენ იონკერის განცხადებით, მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია აშკარაა და ამან არჩევნების სხვადასხვა ასპექტზე ზეგავლენა მოახდინა.
მისივე თქმით, მთლიანობაში, კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა, თუმცა, უარყოფითად შეფასდა ზოგიერთ უბანზე ხმების დათვლის პროცესი.


„ჩვენ დავაკვირდით საარჩევნო პროცესს, სადაც საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო. მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია აშკარაა და ამან არჩევნების სხვადასხვა ასპექტზე ზეგავლენა მოახდინა. ამ უპირატესობას თან ახლავს პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხვა სუბიექტების შესაძლებლობები არ შეიზღუდოს. არჩევნების ეფექტურად ადმინისტრირება და ამომრჩეველთა ზუსტმა რეგისტრაციამამ პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაში დიდი წვლილი შეიტანა. ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევები იყო და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტიც. მიუხედავად იმისა, რომ მასმედია და სხვადასხვა პარტიებთან იყო აფილირებული, მედიის აქტიურობამ დებატების ზრდას მნიშვნელოვანი ხელი შეუწყო. მთლიანობაში, კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა, თუმცა, უარყოფითად შეფასდა ზოგიერთ უბანზე ხმების დათვლის პროცესი და ასევე დაფიქსირდა უწესრიგობები და სირთულეები შემაჯამებელი ოქმების შედგენასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კარენ იონკერმა.

მისივე თქმით, ცესკო საქმიანობას დროულად, ეფექტურად და პროფესიონალურად ახორციელებდა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა უწყებები საქმიანობას დროულად, ეფექტურად და პროფესიონალურად ახორციელებდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ზოგადად დაკავშირებული მხარეების ნდობით სარგებლობს, თუმცა ზოგიერთმა ოპოზიცურმა კანდიდატმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობა ეჭვის ქვეშ დააყენა. განსაკუთრებით იმის მიმართ, თუ როგორ იქნენ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები“- განაცხადა იონკერმა.

ბეჭდვა