ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ხმის
მიცემის პროცესში ამომრჩეველთა აქტივობის 17:00 საათის მონაცემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას შეადარა.
მონაცემების მიხედვით დღის 5 საათის მონაცემებით არჩევნებზე 36.71% მივიდა, რაც - 2014 წლის ამავე მაჩვენებელზე მეტია. 3 წლის წინ არჩევნების დღეს 17:00 საათის მდგომარეობით აქტივობა 34.64% იყო.
„საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის პროცესი დასრულდება 20:00 სთ-ზე. რის შემდეგაც, საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ხმების დათვლის პროცედურებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, ვინაიდან კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება“- განაცხადა ანა მიქელაძემ.
მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მცირე პროცედურულ ხარვეზებზე.
„კერძოდ, მოთხოვნილია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის #46-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ხმების გაბათილება; გადასატან ყუთში 35 ხელმოწერა დაფიქსირდა, მათ შორის, იმ ამომრჩევლების, რომელთაც ხმა საარჩევნო უბანზეც მისცეს. საჩივარი უკვე შევიდა და კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა წალენჯიხის #10 საარჩევნო უბანზეც და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები მოახდენენ რეაგირებას კანონმდებლობის შესაბამისად“- განაცხადა მიქელაძემ.
