ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს აფასებს.
მისი თქმით, დემოკრატიულ გარემოში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს, განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში.
როგორც ელჩი აღნიშნავს, მისი უწყება პროცესებს მონიტორინგს გაუწევს.
„მე ახლა შევიტყვე, რაც მოხდა. ეს საშინელი ინციდენტია. დემოკრატიულ გარემოში ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში. ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ პროცესებს, მჭიდრო კავშირი გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. რაც შეეხება არჩევნებს- ვფიქრობ, ატმოსფერო კარგია. ყველა მოქალაქის ინტერესშია, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. სამწუხაროა, რომ ძალადობას აქვს ადგლი“-განაცხადა კელიმ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან თავდასხმა მოხდა. დაჭრილია ოთხი ადამიანი მათ შორის, “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი.
