საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის
განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს მომზადებული და კარგი შედეგებით ხვდება. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თმით, საქართველოს გააჩნია კონკრეტული ხედვა თუ როგორ წავიდეს წინ და მიაღწიოს ევროკავშირთან მაქსიმალურ ინტეგრაციას.
"ბევრი გაკეთდა, თუმცა, რაღა თქმა უნდა, კვლავ ბევრია შესასრულებელი. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე ამას ჩვენგან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რადგან ამ ყველაფერს ვაკეთებთ არა უბრალოდ დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის, არამედ იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი მომავალი ევროკავშირში"-აღნიშნა მინისტრმა.
საკუთარ გამოსვლაში მან იმ ექვს მიმართულებაზეც ისაუბრა, რომელიც კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ევროკავშირთან.ეს არის საკანონმდებლო და ინსტიტუციური პრაქტიკის მაქსიმალური დაახლოება ევროკავშირის შესაბამის პრაქტიკასთან; ასევე საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან ინტეგრირება; საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში; ევროპულ და ქართულ შესაბამის სტრუქტურებს შორის რეგულარული სახის დიალოგის ხელშეწყობა; თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში დიალოგის გაღრმავება და ევროკავშირის შიდა ბაზართან ფიზიკური ინტეგრაცია, რაც მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და კომუნიკაციები.
"ევროკავშირისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაშია და ემყარება ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებში ჩადებულ საერთო ღირებულებებს. სწორედ ეს გვაძლევს ევროკავშირთან უფრო ღრმა პოლიტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის გამბედაობას. ჩვენ გვჭირდება ახალი ბიძგი; უნდა ვეძიოთ ახალი შესაძლებლობები, რომლებიც მოამზადებს საჭირო ნიადაგს ჩვენი ხედვის განსახორციელებლად"-განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ სამიტისათვის საქართველოს მიერ დასახეულ პრიორიტეტებზე.
