საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ახალი პორტის მეშვეობით, საკრუიზო გემებით ნახევარი მილიონი მდიდარი ტურისტის შემოსვლას ელოდება.
ამის შესახებ მან დღეს ბათუმში სასტუმროს გახსნის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი პორტი შავ ზღვაზე არცერთ ქვეყანაში არ არის და ის მხოლოდ საქართველოში იქნება.
„ამიტომ, ეს იქნება მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთი ცენტრი, სადაც ნახევარი მილიონი მდიდარი, მხარჯველი ტურისტი ჩამოვა“ - განმარტა სააკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ბათუმში ყველაფერი ქართველების გაკეთებულია.
„ადრე ქვაფენილი თურქეთიდან შემოგვქონდა, ახლა კი - ქობულეთში ამუშავდება ქარხანა და ყველაფერი აქ დამზადდება. ერთადერთი გამოსავალია, რომ ამ ხალხს განვითარების მოთხოვნა გაუჩნდეს“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, როცა ქალაქის შიდა ქუჩებზე ქვაფენილი დაიგება, წყალმომარაგების სისტემა მოწესრიგდება და განათება გაკეთდება, კერძო სექტორსაც გაუჩნდება შესაძლებლობა არნახული ტურისტული ბუმით ისარგებლოს.
„სხვანაირად პირიქით, უფრო დაზარალდებიან, თუ შემოსავლები თვითონაც არ მიიღეს, თუ მათი შვილები არ დასაქმდნენ და პატარ-პატარა ბიზნესი არ წამოიწყეს“ - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ხალხი დაზარალებული რომ არ აღმოჩნდეს, დიდი ტურისტული გარღვევის, ბუმის და წარმატების შედეგებით ყველამ უნდა ისარგებლოს.
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის მაგალითად სამშენებლო კომპანია „ორბი“ დაასახელა და აღნიშნა, რომ როდესაც მან ბათუმში პირველი 4-სართულიანი შენობა ააშენა, მისი სახელი არავინ იცოდა, დღეს კი, „ორბი“ 35-სართულიან შენობებს აშენებს.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ადგილობრივი ბიზნესის სხვა წარმომადგენლებისთვის მაგალითი უნდა იყოს.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში ბუტიკის ტიპის ახალი 30-ნომრიანი სასტუმრო "World Batumi" გახსნა. გრიბოედოვისა და გორგსლის ქუჩების გადაკვეთაზე კი, 14-სართულიანი სასტუმრო "აისი" აშენდა, რომელშიც სხვადასხვა კლასის 38 ნომერია.
