ქდმ ვანო მერაბიშვილს და მის მთავრობას მხარს არ უჭერს
ქდმ ვანო მერაბიშვილს და მის მთავრობას მხარს არ უჭერს
18:22 03.07.2012
ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ არ აპირებენ მხარი დაუჭირონ ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მინისტრთა კაბინეტს და არც ახალ სამოქმედო პროგრამას,  რომელიც დღეს მერაბიშვილმა პარალმენტის ფრაქციებსა და კომიტეტებს პირადად წარუდგინა.
როგორც ფრაქციაში განხილვის შემდეგ გიორგი თარგამაძემ განაცხადა, საქარათველოს მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბად ჩამოყალიბდა.
„ვერ დავუჭერთ მხარს ვერც მერაბიშვილის მთავრობას და ვერც სააკაშვილის კურს, რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობის გაღატაკებაზეა ორიენტირებული“ – განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანია დოღს დაემსგავსა და პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ეჯიბრებიან - ვინ მეტ ფინანსურ დახმარებას დაპირდება მოსახლეობას.
ამასთანავე, ფრაქციის სხდომაზე „ქრისტიან–დემოკრატებმა“ პრემიერობის კანდიდატს 1000 ლარიანი ვაუჩერების ყველა ოჯახისთვის გაცემის იდეა დაუწუნეს და აღნიშნეს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
კერძოდ, ფრაქცია მიიჩნევს, რომ ვაუჩერი უნდა გაიცეს ისეთ ოჯახებზე, ვისაც დახმარება ესაჭიროება და არა მოსახლეობის შეძლებულ ნაწილზე.
„მზად ვარ ნებისმიერი კონსტრუქციული წინადადება განვიხილო. მზად ვართ გარკვეული კრიტერიუმებიც ჩამოვაყალიბოთ, თუმცა დღეს ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ეს დახმარება არ სჭირდება“ – განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, შეცდომების თავიდან ასაცილებლად აჯობებს ვაუჩერი ყველა ოჯახმა მიიღოს და ვინც ჩათვლის, რომ მას ეს დახმარება არ სჭირდება, გადასცეს სხვას.


ბეჭდვა