ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე მიჰაელ გალერი იმედოვნებს, რომ
ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციაში აისახება.
ევროპარლამენტარის განცხადებით, რომლიც მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან გააკეთა, ევროპარლამენტი ეყრდნობა ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პრინციპს, რომ ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს უფლება შეუერთდეს ევროკავშირს.
„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისა და აღიარებისთვის, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის რეკომენდაციებში, ჩვენ ასევე მივუთითებთ 49-ე მუხლზე, რომ ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის არსებობს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი“-განაცხადა გალერიმ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპალამენტარს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „საქართველოს მეგობართა ჯგუფი“ ევროპარლამენტში ჩვენი ქვეყნის ინტერესების ძლიერ ხმას წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ დოკუმენტში არსებული ცალკეული ინიციატივები ხელს შეუწყობს როგორც სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირთან, ასევე ასოცირების შეთანხმების ეფექტურ იმპლემენტაციას. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვანროლს ევროკავშირთან უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ისევე როგორც ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობას ევროკავშირისთვის.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპარლამენტარი საქართველოში მიიწვია.
მიხელ ჯანელიძე ბრიუსელს მიმდინარე წლის 18-19 ოქტომბერს ვიზიტით სტუმრობს. იგი შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
