,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ პროკურატურისგან მერიის მაღალჩინოსანთა დასჯას ითხოვს
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ პროკურატურისგან მერიის მაღალჩინოსანთა დასჯას ითხოვს
18:18 03.07.2012
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ პროკურატურისგან მერიის იმ მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს, რომლებიც საავტომობილო გზის გაყვანის მიზნით, ხეების მასობრივ ჭრაში მონაწილეობდნენ.
ცენტრის ინფორმაციით, 28 ივნისს ღამით, იპოდრომზე, შპს „ინვესტ კაპიტალის” კუთვნილ ტერიტორიაზე, მესაკუთრესთან შეუთანხმებლად თბილისის მერიის წარმომადგენლებმა საავტომობილო გზის გაყვანის მიზნით, ხეების ჭრა დაიწყეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, „ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” მასალები პროკურატურაში შეიტანა.
როგორც ცენტრის თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, ხელისუფლებამ დაარღვია ,,ინვესტ კაპიტალთან’’ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მაგისტრალის გაყვანა თვითნებურად გადაწყვიტა მათ მიერვე წარდგენილი ახალი პროექტით.
„ხელისუფლების ქმედებები გარემოს წინააღმდეგ განხორციელებული ვანდალური აქტია. იმის მაგივრად, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გზა გამოეყენებინათ, შეიჭრნენ შუაგულ სარეკრეაციო ზონაში და ასეულობით მწვანე ნარგავი გაანადგურეს“-განაცხადა მჟავანაძემ და დასძინა, რომ ხელისუფლების აღნიშნული ქმედებით დაირღვა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება, არამედ განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედება - ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა.
გარდა ამისა, „ეკოლოგიურიო სამართლის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - სამსახურებრივი გულგრილობა.
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ პროკურატურისგან მერიის მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის მიერ წარდგენილ მასალებზე მყისიერ და ადეკვატურ რეაქციას მოითხოვს.




ბეჭდვა