Human rights watch-ის მიერ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედიაგარემო შერეული რჩება.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბეჭდური მედია მრავალფეროვანია, თუმცა, ტელემაუწყებლობა, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი მაუწყებლითა და ხელისუფლების მხარდამჭერი ტელეკომპანიებით - „რუსთავი 2“-ით და „იმედით“ შემოიფარგლება.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, გასულ წელს ოთხი ფოტოჟურნალისტი - ევროპის პრესის სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე, რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
„საქმე კვალიფიცირებულია, როგორც „საიდუმლო“, რომლის მტკიცებულებები არასდროს გამჟღავნდება. დაკავებიდან ორ კვირაში, სასამართლომ ჟურნალისტებს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სამი წლის ვადით პირობითი მსჯავრი შეუფარდა“ - ნათქვამია ანგარიშში.
Human rights watch-ის ანგარიშის მიხედვით, გასული წლის ივნისში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთდროულად რამდენიმე მედიაგაერთიანების აუდიტი ჩაატარა.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების აზრით, აუდიტი მედიის თავისუფლების შეზღუდვით აიხსნება, რადგან აღნიშნული კომპანიები 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს - რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის პროცესს აქტიურად აშუქებდნენ. აუდიტი აგვისტოში შეჩერდა.
