ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, რიჩარდ ჩარნეცკის განცხადებით, იმ მნიშვნელოვანი ადგილის
გარეშე, რომელიც საქართველოს ევროპის პოლიტიკურ ოჯახში უჭირავს, ევროპის პოლიტიკური მომავალი წარმოუდგენელია.
ამის შესახებ ჩარნეცკიმ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე, იმ მნიშვნელოვანი ადგილის გარეშე რომელიც საქართველოს ევროპის პოლიტიკურ ოჯახში უჭირავს. ცხადია, საქართველო ევროპული კულტურის, ისტორიისა და ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობის ინტენსიფიკაციაზე“-განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ.
მისი განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოახლოებული სამიტის წინ ევროპარლამენტში, ასევე საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრების დროს აქტიურად განიხილება სამიტის მოლოდინები და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები.
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით პოლონეთისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს, ევროკავშირის პოტენციურ გაფართოებაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს.
„ვფიქრობ მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის იქნება შემდეგი ნაბიჯი ევროპული გზისკენ. ჩვენ უნდა გავხსნათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის კარი არა მხოლოდ ეკონომიკის სფეროში, არამედ პოლიტიკურ დონეზე. ევროკავშირმა უნდა აჩვენოს არა მარტო თანამშრომლობის, ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივა. ჩვენ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებისადმი პატივისცემის ნიშნად, უნდა დაგანახოთ ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური პერსპექტივა“ - აღნიშნა რიჩარდ ჩარნეცკიმ.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი 18-19 ოქტომბერს ქ. ბრიუსელს ვიზიტით სტუმრებს, რა დროსაც მიხელ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს სხვადასხვა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. 19 ოქტომბერს ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
