საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს წარმოდგენილი პრიორიტეტები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
ამის შესახებ ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხომაზე „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას საპასუხოდ განაცხადა.
ბაღათურია სხდომაზე დაინტერესდა თუ რატომ გაახსენდა მთავრობას მხოლოდ ახლა პრობლემები და გასული 8 წლის განმავლობაში რატომ არ ფიქრობდა მათ მოგვარებაზე.
„2003 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით საქართველოს ბიუჯეტი 250 მლნ იყო, დღეს კი, შემოსავალი თითო სულ მოსახლეზე 5-ჯერ არის გაზრდილი. 8 წლის წინ, ელემენტარული პრობლემების მოგვარებით ვიყავით დაკავებული, 2 წლის წინ კი, გაზის, დენის, წლის და გზების პრობლემების მოგვარება დავიწყეთ, რაც მანამდე არ არსებობდა“- განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ახლა პრეზიდენტი მოსახლეობას ჯანდაცვის, დასაქმებისა და სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა, რასაც შეასრულებს კიდეც.
„ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის 70% ექიმთან არ ყოფილა მხოლოდ იმიტომ, რომ ამის საშუალება არ ჰქონდა. ჩვენ გვინდა, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გავხადოთ, მოსახლეობას ექიმთან ვიზიტის საშუალება ჰქონდეს, დაავადებების გამოვლენა და მკურნალობა დროულად მოხდეს“- განაცხადა მერაბიშვილმა.
ამასთან, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის პროგრამა არჩევნებზე არ არის გათვლილი და მისი მიზანია ხალხისთვის მეტი სარგებლის მოუტანა.
