ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კახა კალაძეს შეუძლია
ყველა დონისა და ყველა სახის ამოცანა წარმატებით შეასრულოს.
ამის შესახებ გახარიამ კალაძისა და ბიზნეს სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„კახა კალაძემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია. მას შეუძლია წარმატებით შეასრულოს ყველა დონის და ყველა სახის ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ ეტაპზეც წარმატებული იქნება“- განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ ბიზნესი არის ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ამიტომაც, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია ბიზნესის განვითარებისკენ.
„ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესმა შეძლოს შექმნას დამატებითი ღირებულება, შეძლოს ეკონომიკის ზრდა და სამუშაო ადგილები შექმნა. ამ მიდგომით და ამ შემართებით ვიმუშავებთ თბილისთან ერთად იმ პროგრამების განხორციელებაზე, რომელიც კახა კალაძემ დღეს წარმოადგინა. მე მართლაც მოხიბლული ვარ იმ გეგმებით, რომლებიც იყო წარმოჩენილი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ კახის შრომისუნარიანობა, მისი მიზანმიმართულობა და მისი ლიდერული თვისებები არის მართლაც მისაბაძი და მას წარმატებას ვუსურვებ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
