ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში 21 ოქტომბერს დანიშნულ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. მუშაობის პროცესში დელეგაცია NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს დაეყრდნობა, რომელიც საქართველოს ივლისში სტუმრობდა; ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლების შეფასებებს, რომლებიც საქართველოში აგვისტოდან იმყოფებიან.
დელეგაციას ხელმძღვანელობენ: კარლ ინდერფურტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; მარგარეთ კურანი, ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ლეიბორისტული პარტიიდან; რაინ მაკლინი, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონის ყოფილი მერი; ნინა იანკოვიჩი, დემოკრატიის, მმართველობისა და კომუნიკაციების სპეციალისტი; ალექსანდა კურატკო-ფანი, არჩევნებისა და საპარლამენტო განვითარების ექსპერტი; დონალდ ბრაუნლი, ვირჯინიის შტატის კონგრესმენის - ჯერალდ კონოლის - კამპანიის მენეჯერი; ებრუ აგდუკი, NDI თურქეთის ოფისის დირექტორის მოადგილე; და ლორა თორნტონი, NDI-ის გლობალური ექსპერტი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.
არჩევნების დღეს NDI-ის დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან. NDI-ის სადამკვირვებლო მისია არჩევნების წინასწარი შეფასების ანგარიშს 22 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე გამოქვეყნებს.
