ახალი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ჭიაბერაშვილს უკვე მოხსნით „დაემუქრა“.
ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებთან მერაბიშვილის შეხვედრის დროს, ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ ახალ პრემიერს სთხოვა, რომ ჯანდაცვის რეფერალურ პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება კვლავ ჯანდაცვის მინისტრის უფლებამოსილება გამხდარიყო.
„ოპერაციების დაფინანსებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრთან მოქმედი კომისია იღებს, რის გამოც პროცესი დროში ჭიანურდება. ამიტომ, გთხოვთ ეს უფლებამოსილება კვლავ ჯანდაცვის მინისტრს გადასცეთ“- მიმართა მერაბიშვილს დავითაიამ. დეპუტატს სიტყვა მინისტრობის კანდიდატმა ჭიაბერაშვილმა გააწყვეტინა, რომელმაც აღნიშნა, რომ რეფერალურ პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აღარ დაიბრუნებს.
ჭიაბერაშვილის რეპლიკას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. კერძოდ, მან იკითხა, თუ რას ნიშნავდა მისი ეს კომენტარი. შემდეგ კი, მერაბიშვილმა დეპუტატებს ხუმრობით ჰკითხა, პრემიერობის დროს რამდენი მინისტრის მოხსნა შეუძლია, რაზეც უპასუხეს, რომ კანონით 5 მინისტრის გათავისუფლების უფლება აქვს.
„აქაც ხუთია?“- იკითხა მერაბიშვილმა სიცილით.
„5“ მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერია.
