სახელმწიფო უწყებებში საშტატო ერთეულები გაიზრდება
სახელმწიფო უწყებებში საშტატო ერთეულები გაიზრდება
16:22 03.07.2012
ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის თქმით, სახელმწიფო უწყებებში საშტატო ერთეულები მცირედით გაიზრდება.
ამის შესახებ მერაბიშვილმა მთავრობის ახალი პროგრამის გაცნობისას ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებთან შეხვედრაზე აღნიშნა.
„ადრე ბიუროკრატიული აპარატის შემცირებით ვიყავით დაკავებული, რათა გამოთავისუფლებული თანხები ქვეყანას მოხმარებოდა. ასევე, ამის მიზანი იყო უწყებებში კორუფციის დონის შემცირება, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ შტატების შემცირება ახლა აღარ მოხდება. პირიქით, ჩვენ მას მცირედით გაზრდასაც კი ვგეგმავთ“- აღნიშნა მერაბიშვილმა.
პრემიერმა საშტატო ერთეულის გაზრდასთან დაკავშირებით მაგალითად სარფის საბაჟო მოიყვანა, სადაც 50 პოლიციელი დაემატა.
„დღეისთვის, სარფის საბაჟოს დღეში 35 ათასი ადამიანი კვეთს. ამიტომ, იძულებული გავხდით 50 პოლიციელი დაგვემატებინა, იგივე ხდება სხვა საბაჟოებსა და აეროპორტში“ - აღნიშნა ახალმა პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, მერაბიშვილმა დეპუტატებთან შეხვედრაზე ყურადღება დასაქმების პროგრამაზე გაამახვილა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს რეგიონების განვითარება დაიწყო ადგილობრივი მუშა-ხელი თბილისში აღარ ჩამოდის და საკუთარ რაიონებში საქმდება.
„ახალციხეში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში ადგილობრივი მუშა-ხელი უკვე დასაქმებულია და მათ თბილისში ჩამოსვლის ინტერესი არ აქვთ. შესაბამისად, თბილისელებისთვის სამუშაო ადგილები გამოთავსუფლდა, რაც კონკურენციას გაზრდის და ხელფასებზეც აისახება“ - მიაჩნია მერაბიშვილს.
ამ წუთებში, ლტოლვილთა, შს, თავდაცვისა და განათლების მინისტრობის, ასევე, დასაქმების სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატები ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებს“ ხვდებიან.

ბეჭდვა