პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრი შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები საქართველოს განვითარებასა და სამართლიანი სახელმწიფოს აშენებას ვერ უზრუნველყოფს.
როგორც ოგბაიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, მთავრობაში პერსონების გადაადგილებით ის ჯამი არ შეიცვლება, რაც კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი ადამიანების შემადგენლობას ეწოდება.
მისი თქმით, დღესაც საქართველოში 100-ზე მეტი პოლიტპატიმარია, ყოველ 68 საათში პენიტენციურ სისტემაში ცემისაგან, არასათანადო მოპყრობისა და წამებისგან 1 ადამიანი იღუპება, ხოლო ოპოზიციური მიტინგების დასაშლელად გამოყენებულია სამთავრობო სტრუქტურები, კერძოდ შსს-ს ქვედანაყოფი სამაშველო სამსახურის სახით.
„მე ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო წამართვეს პროფილაქტიკა, ფინანსური პოლიცია შევიდა ჩემს ავტოსკოლაში, ჩემი შვილი პოლიტიკური დევნილია და შარშანდელი 26 მაისის შემდეგ საზღვარგარეთ იმყოფება. ამაზე პასუხს ვინ აგებს? ახალი შემადგენლობა გამოასწორებს ამ ვითარებას? დამნაშავეს დასჯის, ბოდიშს მოიხდის თუ რას იზამს?“- აღნიშნა ოგბაიძემ და დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი კოსმეტიკური შელამაზება არ უშველის, სამართლიანი სახელმწიფოს ასაშენებლად კი, ყველა ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს, ერთიანი ოპოზიციური ფრონტი შეიქმნას და ხელისუფლებაში ეროვნული ძალები მოვიდეს.
მისივე თქმით, აზრი არ აქვს სხვადასხვა სამთავრობო თანამდებობაზე დასახელებული პერსონების განხილვას, რადგან ისინი ერთმანეთზე გადაჯაჭვული ადამიანები არიან და სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა ადგილებზე, კონკრეტული დანაშაულებები აქვთ ჩადენილი.
„ვერ დავეთანხმები იმას, რომ ხელისუფლება ახალაიას შს მინისტრად დანიშვნით პოლიციას უფრო აგრესიულად გამოიყენებს. აგრესიული ისედაც იყო პოლიცია. უკვე არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ხელი აქვთ მოწერილი ნებისმიერი უკეთურობის შესრულებაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. მათ შორის ქალებზე, ბავშვებზე, მოხუცებზე და რაც ყველაზე სამწუხაროა, ჟურნალისტებზე. ხელისუფლებას ხელები უკვე სისხლში აქვს გასვრილი და მეტი რაღა უნდა მოხდეს, ძალიან მაინტერესებს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ოგბაიძემ.
სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაინიშნა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად აფხაზეთის მთავრობის განათლების მინისტრი დალი ხომერიკი.
