ბაღათურია - საქართველოს დღეს ჰალსტუხიანი და პაგონებიანი კრიმინალები აკონტროლებენ
ბაღათურია - საქართველოს დღეს ჰალსტუხიანი და პაგონებიანი კრიმინალები აკონტროლებენ
15:07 03.07.2012
„ქართული დასის“ ლიდერის, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, საქართველოს დღეს ჰალსტუხიანი და პაგონებიანი კრიმინალები აკონტროლებენ.  ამის შესახებ ბაღათურიამ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მან ახალ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ საუბარი, რომ ქუჩაში ე.წ ხულიგნები აღარ არიან, უხერხულია, რადგან მთელ ქვეყანას ჰალსტუხიანი და პაგონებიანი ავტორიტეტები აკონტროლებენ. მათ შორის „ხულიგნობას“ ადგილი აქვს პარლამენტშიც.
„ჯერ კიდევ თქვენი შს მინისტრობის დროს ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის დარბევაში მონაწილეობდა შს სამინისტროს საგანგებო სამსახურის უფროსი კახა ლომიძე, ასევე, გორის გამგეობის თანამშრომელი ბაჩო პავლიაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ეს ადამიანები არა თუ არ დასჯილან, არამედ იმავე თანამდებობაზე რჩებიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორ შეგიძლიათ თქვათ, რომ ქუჩიდან ხულიგნები მოაშორეთ“ - მიმართა ბაღათურიამ მერაბიშვილს.

ბეჭდვა