სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის
განცხადებით, რდილოატლანტიკური ალიანსი იმ პარტნიორებთან გააგრძელებს ურთიერთობას, რომლებიც მათი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებეს.
მისივე თქმით, საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ამის შესახებ აპატურაიმ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც დღეს ბათუმში გაიხსნა.
„მნიშველოვანია იმის გახსენება, რომ ჩვენს უკან ბევრი გაკეთებული საქმეა. მთავარი კონტრიბუცია, რა თქმა უნდა, მოდის ჩვენი პარტნიორებისგან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ. გაცილებით უსაფრთხოდ ვიქნებით, თუ ჩვენი მეგობრები თავს სტაბილურად იგრძნობენ. რაც შეეხება საქართველოს, ის ასპირანტი ქვეყანაა და ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვაწესებთ სტანდარტებს არა მხოლოდ თქვენი შეიარაღებული ძალებისთვის, არამედ ყველა ინსტიტუციური პროგრამისათვის და ინფრასტრუქტურული პროექტისთვის. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი კიბერუსაფრთხოებაა, რასაც მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს“- განაცხადა აპატურაიმ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) მიმდინარეობს. წელს საერთაშორისო ფორუმის საპანელო განხილვები შემდეგ თემებს ეხება: ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ, ტოტალური თავდაცვა, ჰიბრიდული და ასიმეტრიული საფრთხეები, ევროპული უსაფრთხოების მომავალი და ცვალებადი უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში.
