სოსო ცინცაძეს ხათუნა კალმახელიძის პოსტზე დარჩენა გაუკვირდა
სოსო ცინცაძეს ხათუნა კალმახელიძის პოსტზე დარჩენა გაუკვირდა
14:41 03.07.2012
ექსპერტი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ხელმძღვანელი ხათუნა კალმახელიძე საქართველოს დღევანდელ მთავრობაში ყველაზე კომიკური მინისტრია.  ამის შესახებ ცინცაძემ „ნიუსპრესს განუცხადა.
ცინცაძის თქმით, უკვირს მიმდინარე სამთავრობო ცვლილებების ფონზე როგორ შეინარჩუნა კალმახელიძემ თანამდებობა, რადგან მისივე თქმით, ის სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებს ვერ უმკლავდება.
„საყურადღებოა, რაც დღეს ქართულ ციხეებში ხდება. იმდენი პატიმრის დაღუპვა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებსა და ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, თითიდან გამოწოვილი ხომ არ არის“ - აღნიშნა ცინცაძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კალმახელიძე, შესაძლოა, განათლებული და ჭკვიანი ქალბატონია, სფეროს, რომელსაც ხელმძღვანელობს, ვერ უძღვება.
„ნიუსპრესთან“ საუბრისას ცინცაძემ თავისი პრეტენზია გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის მისამართითაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ ის ხაჩიძის გათავისუფლებასაც ვარაუდობდა.
„21-ე საუკუნეში, როდესაც ეკოლოგია ლამის შიდსზე მწვავე პრობლემად დგას და მსოფლიოში თითო ხეს ოქროს ფასი აქვს, თბილისში დღე არ გავა, 10-15 ხე არ მოჭრან“ - აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე წარადგინა. ცვლილება შინაგან საქმეთა, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებს შეეხო. მინისტრთა კაბინეტს ერთი ახალი უწყება -დასაქმების სახელმწიფო სამინისტროც შეემატა.

ბეჭდვა