საქართველო-მალაიზიის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს დღეს, კუალა-ლუმპურში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და მისმა მალაიზიელმა კოლეგამ ანიფაჰ ამანმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთქმედების საკითხებზე გამახვილდა.
გრიგოლ ვაშაძე აზიაში ტურნეს ფარგლებში, ჯაკარტაშიც იმყოფებოდა, სადაც ის ინდონეზიელმა კოლეგამ მარტი ნატალეგავამ მიიღო.
მხარეებმა ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
საქართველოს და ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ორმხრივი კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. ასევე, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ინდონეზიის ვაჭრობის მინისტრს გიტა ვირჯავანსა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს რიზალ აფანდი ლუკმანს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
