პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლებას ფოთის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ზურაბიშვილი განცხადებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, მისთვის ფოთში ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობა საკუთარ ერზე ზრუნვის მაგალითია.
„მისი მოღვაწეობა ფოთში ჩემთვის მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს ერზე, რეგიონზე, ქალაქზე თავისი მმართველი და არა დღევანდელი ხელისუფლების მსგავსად, ყველაფერს ანგრევდე ანადგურებდე ახალს თუ ძველს. ამიტომ შურთ მისი უზარმაზარი შემოქმედების და ცდილობენ გააქრონ და დაავიწყონ ხალხს, რადგანც კონკურენციას ვერ უძლებენ“- ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბიშვილის თქმით, ფოთი არც ხელისუფლებისგან უყურადღებობის და არც ტყუილი დაპირებების მსხვერპლი არ უნდა იყოს.
„ფოთი ნამდვილი განვითარების გეგმის და სერიოზული ზრუნვის ღირსია. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება დაწყებული ყარსის რკინიგზით და სატრანსპორტო პოლიტიკის უქონლობით, ფოთის პერსპექტივები შავი ზღვის გავლით ევროპის კარი გამხდარიყო, ტყუილად არ იქნა გამოყენებული და დაიკარგა“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
მისივე განმარტებით, აღნიშნული განცხადება ფოთის ან რომელიმე სხვა ოლქის მაჟორიტარად მისი კანდიდატურის დასახელებას არ ნიშნავს.
„მე ასეთი აზრი არსად მიხსენებია. პირიქით, ყველგან მაქვს გამოცხადებული, რომ არცერთი პოსტისთვის არ ვემზადები და არსად ვარ კანდიდატი. მე ან მეტის ან ნაკლების ამბიცია მაქვს და არ ვიცი ჯერ კიდევ როდის მოვა ამისი დრო“ - განმარტავს სალომე ზურაბიშვილი.
მისივე განცხადებით, მისი სახელით სპეკულაცია სრულიად უსაფუძვლოა.
