საქართველოს პოლიციის საგუშაგოს მხოლოდ ძველ ადგილზე დაბრუნებას შეუძლია ადგილობრივი მოსახლეობის რეციდივებისა და დაძაბულობისგან დაცვა - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სეპარატისტული რეჟიმის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ განცხადება ქართული პოლიციის საგუშაგოს სოფელ ზარდიანთკარში გადატანასთან დაკავშირებით გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 29 ივნისს თავისი საგუშაგო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს საზღვართან, რამდენიმე ასეული მეტრით ახლოს სოფელ ზარდიანთკარში გადაიტანა, რომელიც ოსური სოფლის ხელჩუას მოპირდაპირედ მდებარეობს. ამ ფაქტმა ამ სოფლებში მცხოვრებ ეროვნებთ ოს მოსახლეობაში დაძაბულობა გამოიწვია“.
საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია, მის თქმით, „ქართული მხარის მისწრაფებით - ნებისმიერ ფასად უშუალოდ საზღვრის სიახლოვეს გამოიწვიოს დესტაბილიზაცია“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდა და მისი ხელისუფლების მხრიდან ცხინვალის მისამართით აგრესიული რიტორიკა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება „კვლავინდებურად მიზანმიმართულია ვითარების შეგნებული დაძაბვისკენ და რევანშისტულ გეგმებს აყალიბებს“.
ცხინვალის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეტენზიას გამოთქვამს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მიმართებაშიც, რადგან მიაჩნია, რომ ამ სოფლის ტერიტორია მათი პასუხისმგებლობის ზონაშია, ხოლო ისინი კი, ქართული მხრიდან სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების დასაცავად არიან მოწოდებული.
„პოლიციის საგუშაგო სწორედ, სადამკვირვებლო მისიის მდუმარე ხელშეწყობით, უკანონოდ დაიდგა საზღვრის სიახლოევს“ - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ავტორები აღნიშნავენ, სამხრეთ ოსურმა მხარემ „საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციისკენ“ საქართველოს არაერთხელ მოუწოდა, რაც, მოსაზღვრე რაიონების მოსახლეობის უსაფრთხოების მყარი გარანტიების შექმნას შეუწყობდა ხელს, თუმცა, მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არიდებს თავს თანამშრომლობას.
სეპარატისტული რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიციური პოსტის მხოლოდ ძველ ადგილზე გადატანას შეუძლია ადგილობრივი მოსახლეობა რეციდივებისა და დაძაბულობისგან დაიცვას. ასევე, სამინისტრო აფრთხილებს ქართულ მხარეს - „ნუღარ მიიღებს უგუნურ გადაწყვეტილებებს, რამაც რეგიონში უპირობოდ შეიძლება გამოიწვიოს ვითარების მორიგი გამწვავება“.
